Thursday, March 31, 2011

ბახტრიონის ციხე–სიმაგრე (კახეთი)

    დღეს უკვე ამ განთქმული ციხისგან ისეთი უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი, რომ მისი თავდაპირველი სახის აღდგენა მხოლოდ გათხრების შედეგად შეიძლება მოხდეს. არსებული ნაშთის მიხედვით ციხის წარსულ დიდებაზე საუბარი შეუძლებელია.
   ბახტრიონის ციხე მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარეების ალაზნისა და ილტოს შესართავის მახლობლად. რელიეფი აქ რთული არაა. ქანობები უმნიშვნელოა. ციხე XVII საუკუნეში ირანის შაჰის, აბას II-ის ბრძანებით იყო აგებული.
    შესაძლოა, ციხეს სამკუთხა მოხაზულობა ჰქონდა. თუ კოშკების ნანგრევთა მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი გალავანზე ნახევარცილინდრული ფორმით ყოფილან გარედან მიდგმული.
  აღმოსავლეთით მდგარი კოშკიდან ნაწილობრივ ორი სართულია გადარჩენილი. პირველ სართულს ჩრდილოეთით კარი ჰქონია, აღმოსავლეთით ნიშები და შუაში - ბუხარი. გვერდებზე თითო-თითო სათოფურიცაა. მეორე სართულზე შუაში ისევ ბუხარია და კედლებში - სათოფურები. კოშკი მთლიანად მხოლოდ რიყის ქვითაა ნაგები.
  ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე სხვა ნაგებობის კვალიც ჩანს. აღმოსავლეთის მონაკვეთში დგას მთლიანად რიყის ქვით ნაგები მცირე ზომის უაფსიდო ეკლესია. შესასვლელი მას სამხრეთიდან აქვს, სარკმლები კი აღმოსავლეთითა და დასავლეთითაა. დარბაზი ერთიანი ცილინდრული კამარითაა გადახურული. ტრაპეზი მარცხენა კუთხეშია მიშენებული. ზოგადი ნიშნებით ეკლესია გვიან საუკუნეებს მიეკუთვნება.
     ბახტრიონის ციხესთანაა დაკავშირებული 1659 წლის ცნობილი აჯანყება.
რაკი შაჰ-აბასმა კახეთის ამოგდება ძალით ვერ შესძლო, მისმა მემკვიდრეებმა პოლიტიკა შეცვალეს და გადაწყვიტეს ადგილობრივი მოსახლეობის აყრა და აქ თურქმანთა მომთაბარე ტომების ჩამოსახლება. ალაზნის ველზე თურქმანთა პირველი შესამჩნევი ტალღა გამოჩნდა XVII საუკუნის შუახანებისათვის. სპარსელებმა დაიკავეს კახეთის სიმაგრეთა დიდი ნაწილი, მათ შორის ბახტრიოხიც. ამის შესახებ ვახუშტისთან ვკითხულობთ: „სალიმ-ხან მოიყვანა ელნი და დასხნა შიგნით და გარეთ კახეთს და დაიპყრეს ამათ ბახტრიანი, ალავერდი და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი“.
    ქვეყანა უდიდესი ეროვნული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გადაწყდა აჯანყების მოწყობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ზაალ არაგვის ერისთავი. კახელ აჯანყებულთ ხელმძღვანელობდა ბიძინა ჩოლოყაშვილი. მათ გვერდში ამოუდგნენ ქსნის ერისთავები - შალვა და ელიზბარი. მთაც დაიძრა მისაშველებლად. აბჯარასხმული „ფშავ-ხევსურ-თუშნი“ რისხვას ჰგავდნენ. შეთქმულნი, ზუსტად შედგენილი გეგმით, 1659 წელს ელვის სისწრაფით თავს დაესხნენ მტერს: „მიუხდეს პირველად ბახტრიანს, მოსრნეს და მოსწვიტნეს თათარნი, მერმე ალავერდს და შემდგომად ყოველსა კახეთსა შინა მოსწყვიტნეს რამეთუ არცაღა-თუ დაუტევეს აკუანთა შინა მწოვარნი და განათავისუფლეს კახეთი“.
    ამ გმირულმა აჯანყებამ კახეთი გადაარჩინა. რა ბედი ეწია ამ ბრძოლის დროს ბახტრიონის ციხეს, დოკუმენტებიდან არ ჩანს. ცხადია, იგი ძლიერ დაზიანდებოდა.
    დღეს არსებული მცირე ნანგრევების მიხედვით, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, შეუძლებელია ამ დიდებული ციხის შესახებ მსჯელობა.

No comments:

Post a Comment