Thursday, April 7, 2011

გომისჯვარი (შიდა-ქართლი)


    სოფელი გომისჯვარი მდებარეობს კასპის რაიონში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ნიჩბისისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, კასპიდან 18 კილომერის მანძილზე.
    სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით არის ნასოფლარი, რომელიც თარიღდება ფეოდალური ხანით. შემორჩენილია რამდენიმე ნასახლარის ბუდე, მიწაში ვერტიკალურად ჩადგმული რამდენიმე დიდი ზომის ქვევრი. იპოვება გვიანდელი ფეოდალური ხანისათვის დამახასიათებელი, მოწითალოდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნამტვრევები. ნასოფლარის აღმოსავლეთით ჩანს ფილაქვებით ნაგები, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ დამხრობილი რამდენიმე ქვაყუთი, აქვე დგას კოშკი (უკეთაა შემონახული), ერთმანეთისაგან ათიოდე მეტრით დაშორებული ოთხი დარბაზული ეკლესია, (დღეისათვის მხოლოდ ორია შემორჩენილი), სასახლე (ნანგრევებიღაა) და თაღით გადახურული აუზიანი წყარო. ერთ-ერთი ეკლესიის (იოანე მახარებლის) წარწერის თანახმად აქ ლევან ბატონიშვილის (XVII ს.) რეზიდენცია იყო.

1
    იოანე მახარებლის ეკლესია (იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია, წითელი ეკლესია) დგას სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით. ლევან ბატონიშვილის თარიღიანი წარწერით (დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) თანახმად, თარიღდება XVII საუკუნის ბოლო ათეული წლებით. ეკლესია დარბაზულია (9,1 X 5,7 მ). ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში და ფასადებზე, დეკორატიული ელემენტების წყობაში, გამოყენებულია აგური. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარის დასავლეთ ნაწილი და კონქი, თითქმის მთლიანადაა დანგრეული დასავლეთ კედელი, მონგრეულია სარკმლების წირთხლები, ფასადებზე საპირე ქვები ბევრგან ჩამოცვენილია, არა აქვს სახურავი. შესასვლელის კვალი არა ჩანს. ეკლესიის შიდა სივრცე თავისებურადაა გადაწყვეტილი: სწორკუთხოვან საკურთხეველში სხვადასხვა ზომის შეისრულთაღოვანი ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისგან გამოყოფილია ფართო მხრებით, რომლებსაც ეყრდნობა შეისრული ფორმის სატრიუმფო თაღი. შეისრული ფორმისაა კამარაც. საკურთხევლის სარკმელი ჩასმულია მაღალი შეისრულ შეღრმავებაში. დარბაზის გრძივ კედლებში თითო ფართო შეისრული შეღრმავებაა, რომლებშიც თითო სარკმელია გაჭრილი. ფასადების შემორჩენილი ნაწილების ქვის წყობა ირეგულარულია. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზემოთ აგურის წყობით გამოყვანილია მაღალი შეღრმავებული ჯვარი, რომლის გვერდებზე თითო შეისრული ნიშია. ორივე ნიშს შემოვლებული აქვს კედლებზე ნალესობით გამოყვანილი სადა მოჩარჩოება. ნიშები, ისე როგორც ჯვრის შეღრმავებული ნაწილი, მოწითალო ფერის საღებავითაა შეფერილი.

    წმ. გიორგის ეკლესია დგას სოფლის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. ადგილს მოსახლეობა ერკემალს უწოდებს. ძლიერ დაზიანებულია: დაბზარულია შენობის გვერდის კედლები და კონქი, ჩანგრეულია შეკიდული საბჯენი თაღები, ფასადებზე ბევრგან ჩამოცვენილია საპირე ქვები, მონგრეულია ლავგარდანი. ეკლესია დარბაზულია (8,7 X 5,5 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია კარგად გათლილი შირიმის ქვები, ხოლო ფასადების მოსართავად და შესასვლელის წირთხლებისა და ნიშების თაღების წყობაში - კვადრატული აგური. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შემორჩენილი ნაწილების მიხედვით, მას თაღოვანი გადახურვა ჰქონია. ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შეისრულთაღიანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო შეისრული ნიშია. თითო სარკმელია სამხრეთ და დასავლეთ კედლებში. ნახევარწრიული კამარის შუა მონაკვეთში და დასავლეთ კედელთან შეკიდული საბჯენი თაღებია, რომლებიც შირიმის მთლიანი ქვის იმპოსტებს ეყრდნობა. ფასადებს გასდევს ოთხი რიგი აგურისაგან შემდგარი ორი ფართო ჰორიზონტალური ზოლი. ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია ქვიშაქვის ლავგარდნის ორი ქვა, რომლის პროფილს თარო და ცერად ჩამოკვეთილი სიბრტყე შეადგენს.

ქოლოთის ციხე (ქვემო ქართლი)

      ახალგორის რაიონის, სოფელ ქოლოთის მახლობლად, მდინარე ლეხურას სათავეებში, მაღლა კავკასიონის მთის ფერდობზე, ყურადღებას იქცევს მოზრდილი ნანგრევები. აქედან სულ რამდენომე კილომეტრში ალპური ზონა იწყება. ირგვლივ არაჩვეულებრივი სილამაზეა.
     ქოლოთის ციხე-დარბაზი მდინარის მარჯვენა მხარესაა აღმართული. ხეობა აქ ვიწროა. სიმაგრისათვის კარგი ადგილი შეურჩევიათ - თითქმის ოთხივე მხრიდან იგი მიუდგომელია.
     ნანგრევებში აშკარად გამოირჩევა სამი ფენა. პირველად აქ მდგარა ვიწრო და მაღალი კოშკი, რომლისთვისაც შემდეგ დასავლეთით საცხოვრებელი ნაგებობა მიუშენებიათ და ყველაფერი ეს ვრცელი გალავნით შემოუსაზღვრავთ.
     კოშკს ერთი მხარე მომრგვალებული აქვს. ასეთი ფორმის კოშკს ხალხში ზურგიანს ეძახიან. იგი ხუთსართულიანია. როგორც სხვა ამ ტიპის კოშკებს, მასაც ზურგი მთისკენ აქვს მიქცეული, ხოლო პირი - მდინარისკენ.
   კოშკში ერთადერთი შესასვლელი პირველ სართულზეა. ეს უკანასკნელი მიწის დონიდან 5-6 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იმავე ვერტიკალზეა განლაგებული ზედა სართულების ფანჯრებიც, რომლებიც ხეობისკენაა მიმართული.
     კოშკის პირველი სართულის იატაკქვეშ მოწყობილი იყო წყალსაცავი. სეთი შემთხვევა ხშირია ამ ტიპის კოშკებში. პირველი სართულის გეგმა ტრაპეციულია, ზედა სართულებისა კი - რკალისებური. თითოეული სართულის სიმაღლე ორ მეტრს არ აღემატება. ასეთი კოშკი, სადაც თითო სართულს მხოლოდ თითო ფანჯარა აქვს, ცხადია, მაღალი ხარისხის საბრძოლო ნაგებობა ვერ იქნებოდა. იგი ძირითადად მზვერავთათვის იყო განკუთვნილი. საინტერესოა სართულშუა გადახურვის მოწყობა ქვის ფილებით. ასეთი კონსტრუქცია იშვიათად გვხვდება. სართულები ერთმანეთს ხის კიბით უკავშირდებოდა.
    სხვა სართულებისაგან განსხვავებით, მეხუთე სართულს მდინარისკენ მიმართულ კედელში კარი აქვს დატანებული. კარის წინ ხის კოჭებზე მოწყობილი შვერილი აივანი ყოფილა, საიდანაც შესანიშნავი სანახაობა იშლება.
     ბრწყინვალე პროპორციების მქონე ეს მაღალი და შემართული კოშკი ამაყად დასცქერის ხეობას. ვერც მტერი, ვერც მოყვარე აქ მყოფი მზვერავის თვალებს ვერ გამოეპარებოდა.
კოშკზე დასავლეთის მხარეს მოგვიანებით მიშენებული ნაგებობის პირველი სართული ძლიერაა დაზიანებული, რის გამოც მისი გეგმა კარგად არ იკითხება, მაგრამ ჩანს, რომ ისიც ტრაპეციას უახლოვდებოდა. შესასვლელი მხოლოდ მეორე სართულზე ყოფილა სამხრეთიდან. იმავე სართულზე არსებული მეორე კარი დასავლეთით მდებარე სადგომის ბანზე გადიოდა. ამ ვიწრო სადგომის ორივე სართულს მხოლოდ ფანჯრები აქვს შერჩენილი.
     გალავანი სამხრეთით, კოშკის ზურგთან იწყებოდა და ნელნელა ძირს ეშვებოდა. ხევის პირას, ქარაფთან, კედელი წყდება და შემდეგ ჩრდილოეთით უერთდება სადგომს. ასე რომ, მას საკმაოდ დიდი ფართობი ჰქონია შემოფარგლული. უკეთაა შერჩენილი სამხრეთის კედელი. აქვეა ვიწრო კარი. გალავნის კედლებში ისეთი სათოფურებია, როგორსაც XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის პირველ ნახევარში აკეთებდნენ.
ქოლოთის ციხის ელემენტებს საერთო აქვს IX-X საუკუნეების ნაგებობებთან, მაგრამ ისტორიულ წყაროებში იგი მხოლოდ XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე იხსენიება.
    ერთი მემატიანის მიხედვით, XIII-XIV საუკუნეთა მიჯნაზე დავით VIII-ს გადაუწყვეტია ქსნის ურჩი ერისთავის დასჯა და მის იქ არყოფნისას საერისთავოს დიდი ჯარით შესევია, გადაუწვავს და მოუოხრებია ცხრა ძმის ხევი; იერიში მიუტანია ისეთ დიდ ციხეებზე, როგორიც იყო: ქვენიფნევი, ქარჩოხი, ქოლოთი, ისროლი და სხვა. სასტიკი ბრძოლა შვიდ წელს გაგრძელდა, მაგრამ ციხის მცველები მაინც მტკიცედ იდგნენ. თუმცა მათ მეტად გაუჭირდათ; სასმელ-საჭმელი შემოაკლდათ და სხვა რომ ვერაფერი იშოვეს, ტყავის ღვედების ჭამა დაიწყეს. ასეთ დღეში მყოფთ მოუსწრო მაშველი ჯარით შალვა ქსნის ერისთავმა და ვახტანგ III-მ. დავითი იძულებული გამხდარა ალყა მოეხსნა და არაგვის ხეობაში გაქცეულიყო.
    ქოლოთი ამ დროს მაგარი ციხე-სიმაგრე ყოფილა, რაკი მან შვიდწლიან ომს გაუძლო. მაშინდელი გალავანი შესაძლოა გვიანდელ გალავანში იყოს ჩაქსოვილი. ციხე XIV საუკუნის ბოლოსაც აუღებლად ითვლებოდა. როცა 1400 წელს თემურ-ლენგმა ააოხრა საქართველო და კერძოდ, ქსნის საერისთავო, მან ვერ მოახერხა ყველა ციხის აღება. ამ რამდენიმე აუღებელ ციხეს შორის ქოლოთიც ყოფილა.
    ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, XVII საუკუნის ოციან წლებში ქოლოთი ღაზნელთა დიდ გვარს ეკუთვნოდა. მაგრამ ძლიერ მეზობლებს, ამილახორსა და ქსნის ერისთავს თავდასხმა მოუწყვიათ მათზე, გაუწყვეტიათ და მათი მამული გაუყვიათ. ქოლოთ-ქვითკირი ქსნის ერისთავებმა მიისაკუთრეს და იგი საერისთავოს გაუქმებამდე მათივე იყო.

ბირთვისის ციხე (ქვემო ქართლი)

      ბირთვისი მდებარეობს ისტორიული ქვემო ქართლის ტერიტორიაზე, თეთრი წყაროს რაიონში, ალგეთის ხეობაში, მდინარიდან ჩრდილოეთით, ორიოდე კილომეტრის დაცილებით.
      ბირთვისის ციხე როდია ერთი ნაგებობა, ანდა ნაგებობათა კომპლექსი. ადამიანს აქ მოხერხებულად გამოუყენებია ,,ბუნების საოცრება“. მეტად ძნელად მისადგომ მაღალ მთებს შუა იქმნება ბუნებრივი სიმაგრე. ამ გარე, მაღალი მთების შუაც სხვადასხვა ზომისა და ფორმის მთები მდებარეობს. ციხის მეპატრონეებს კედლებით შეუერთებიათ მთების ეს ხაზი და ამრიგად, თითქმის ერთი კვადრატული კილომეტრი შემოუფარგლავთ. ყველაზე მაღალ ადგილზე დგას კოშკი ,,შეუპოვარი”, საიდანაც შეიძლება სიმაგრის მისადგომების დაზვერვა. სხვადასხვა ადგილას, თავდაცვით ნაგებობებთან ერთად, დგას საცხოვრებელი და სამეურნეო ხასიათის შენობები, არის წყალსაცავიც.
  ისტორიულ წყაროებში ბირთვისის ციხე იხსენიება XI საუკუნიდან, როდესაც კლდეკარის ერისთავმა ლიპარიტმა და ქართლის ერისთავმა ივანე აბაზას ძემ შეიპყრეს თბილისის ამირა და ბირთვისი ჩამოართვეს. ციხის ნანგრევებს შორის არის, როგორც განვითარებული ფეოდალიზმის, ისე გვიანფეოდალური ხანის ნაგებობები.
   თავის დროზე ბირთვისის ციხე მიუდგომლად და თითქმის აუღებლადაც ითვლებოდა.
ძველ ისტორიკოსებს ერთი მეტად საინტერესო მომენტი აქვთ აღწერილი ბირთვისის      ციხის შესახებ თემურ-ლენგის ლაშქრობასთან დაკავშირვბით.
    მერვე ლაშქრობის დროს, 1403 წლის ივლისში, თემურ-ლენგმა უბრძანა ჯარს, ქვეყნის ამ ერთ-ერთი დიდი სიმაგრის - ბირთვისის ციხის აღება. მაგრამ ეს ადვილი არ იყო. ქართველებს ძლიერ გაემაგრებინათ ციხე და თან უხვად მოემარაგებინათ სანოვაგე, წყალი და ღვინო. ციხეს ვინმე ნაზალ ციხისთავი განაგებდა. გარემოცული ციხის მცველნი გამოსულან და შექმნილა ფიცხელი ომი. ქართველებს გაუმარჯვიათ. მაშინ განრისხებულმა თემურმა ბრძანა, ციხისათვის, ხანგრძლივი ალყის მიზნით, სამი მხრიდან ციხე აეგოთ. ალყა დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს თემურის ჯარში გამოჩნდა კაცი, რომელმაც მოახერხა ბამბისა და აბრეშუმისაგან დაწნული თოკებით ციხეზე აცოცება. მან ეს თოკები დაამაგრა და როდესაც ციხის აუღებლობით დაიმედებულ გარნიზონს ტკბილად ეძინა, მოულოდნელად მტერი თავს დაესხა. დამცველნი ლომებივით იბრძოდნენ, მაგრამ ვერას გახდნენ.
  თემურს ამ ციხის აღება იმდენად მნიშვნელოვნად მიუჩნევია, რომ საზეიმო დარბაზობაც კი გაუმართავს.
     შემდეგი პერიოდის ბირთვისის ისტორიიდან აღსანიშნავია შაჰ-თამაზის დაპყრობითი  ომების ერთ-ერთი მომენტი.
მას შემდეგ, რაც შაჰ-თამაზმა ზემო ქართლის საქმეები გაარიგა, იგი 1541 წელს მეფე ლუარსაბთან საომრად წამოვიდა; მან მოაოხრა თრიალეთი და ბოლოს საბარათიანოს მიადგა. რაზეც ხელი მიუწვდა, არაფერი დატოვა წაუბილწავი. მთელ მხარეში მხოლოდ ბირთვისი დარჩა ამაყად მდგარი. კარგად შეიარაღებული მტრის მრავალრიცხოვანი ჯარი მასაც მოადგა, მაგრამ ციხეს ვერაფერი დააკლო. სხვას რომ ვერაფერს გახდა, შაჰმა მოტყუების ნაცად ხერხს მიმართა: შეუთვალა შიგ მყოფთ, თუ დამნებდებით, არას დაგიშავებთ და პირიქით, დაგასაჩუქრებთო. მცველებმა რა იცოდნენ, რა ჰქონდა მტერს გულში! გამოვიდნენ, მიენდვნენ; შაჰმა, ცხადია, არ დაინდო ისინი; ტყვეობას მხოლოდ რამდენიმე კაცი გადაურჩა.
     ბირთვისთან არის დაკავშირებული ირანის წინააღმდეგ გიორგი სააკაძის ბრძოლის ერთი მომენტიც.
ამ მხარისა და ბირთვისის ციხის მფლობელი ქაიხოსრო ბარათაშეილი ირანის მხარეზე იყო. მან ციხის გარნიზონი ახლად მოყვანილი ხუთასი ყიზილბაშით გაზარდა. სააკაძემ ეს გაიგო. რაკი პირდაპირი ბრძოლით ციხის აღება ვერ შეძლო, მან სხვა ხერხს მიმართა. დილაადრიან თავს დაესხა ბარათაშვილთა იქვე ახლოს მდებარე რეზიდენციას - ტბისს და შეიპყრო თვით ქაიხოსრო და მისი ძმა ხოსია. რაკი მეპატრონეები ხელთ იგდო, ციხეს ადვილად მოუარა. მოღალატე თავადები აიძულა თვითონვე გამოეყვანათ ციხიდან ირანელთა ჯარი. ამის თაობაზე მემატიანესთან ვკითხულობთ: სააკაძემ ,,ქაიხოსროს გამოაყვანინა ყიზილბაშნი ბირთვისიდან და მოსწყვიტნა ხუთასნივე".
      XVIII საუკუნის ორმოციანი წლების ბოლოს ერვკლე მეორეს განუდგა ბატონიშვილი აბდულა ბეგი.
ბატონიშვილს მხარს უჭერდნენ ბარათაშვილები. მეფე ერეკლე ჯარით მიადგა საბარათიანოს; სურდა უბრძოლველად შემოერიგებინა ისინი და ბირთვისში გამაგრებულ ბარათშვილებს შუამავლები მიუგზავნა; შეჰპირდა პატიებას, მაგრამ ვერაფერი გააწყო. ვერც სამშვილდეში გამაგრებულნი შემოირიგა. მაშინ მეფემ გადაწყვიტა, სარჩო მოესპო მათთვის: შემოდგომის პირი იყო, შეუსია ჯარი და სამშვილდისა და ბირთვისის ახლო-მახლო ყანები მოათიბინა. ჩამოეგებნენ ბარათაანნი, შეიქნა ფიცხელი ომი; მეფემ სძლია მათ და ციხემდისაც სდია. შემდეგ კი მემატიანე წერს: ,,ბირთვისის ციხის ომი ხომ არ იქნებოდა, ჩამოეცალნენ, წაახდინეს საცა რამ შენობა იყო. საამის შვილის სასახლე დაწვეს". ამ ცნობებში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ავტორი სრულიად დაჯერებით ამბობს ბირთვისის ციხე ბრძოლით არ აიღებოდაო.
        ბირთვისის ციხე XVIII საუკუნის ბოლომდე მტკიცედ იდგა ქვეყნის სადარაჯოზე.

Thursday, March 31, 2011

არტანუჯი (ტაო-კლარჯეთი)

    არტანუჯის ციხის აგება მიეწერება ვახტანგ გორგასალს. ჯუანშერის გადმოცემით, როცა მეფე კლარჯეთიდან ქართლში მოდიოდა, სოფელი უხილავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „არტანუჯს“ უწოდებდა. მეფეს მოსწონებია სოფლის სტრატეგიული მდებარეობა და ძუძუმტისათვის - არტავაზისათვის აქ ციხია აგება უბრძანებია. არტავაზმაც „აღაშენა ციხე არტანუჯისა“, რომელიც გახდა ერისთავთა რეზიდენცია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძლიერი ცენტრი.
    V საუკუნის მეორე ნახევარში არატნუჯის ციხე დიდ როლს ასრულებს კლარჯეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მოგვიანებით იგი უკვე ქალაქად მოიხსენიება. არტანუჯი მდებარეობდა დიდ სავაჭრო მაგისტრალზე და ამიერკავკასიას, ბიზანტიასა და შავი ზღვის ქვეყნებთან აკავშირებდა, აქ გადიოდა სამშვილდე-ფარავანი-ახალქალაქი-არტაანი-არტანუჯის გზა. სწორედ ამ გზის საშუალებით უკავშირდებოდა სომხეთის ქალაქები შავ ზღვასა და დასავლეთ საქართველოს.
   VIII საუკუნის 30-იან წლებში, მურვან ყრუმ ტაო-კლარჯეთი და არტანუჯის ციხე ააოხრა. ამის შემდეგ 80 წლის განმავლობაში იგი მიტოვებული და გავერანებული იყო. მემატიანის ცნობით, მიდამო ტყით დაიფარა.
   მალე კლარჯეთში ბაგრატიონები მკვიდრდებიან, ტაოში სამონასტრო მშენებლობა იწყება. მე-9 საუკუნეში აშოტ კურაპალატმა არაბობისგან გაპარტახებული კლარჯეთი აღადგინა და ხელახლა დაასახლა. სუმბათ დავითის ძე გვიამბობს: „პოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალსა ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი და აოხრებულ იყო ბაღდადელისა მიერ ბრბოთგან. იგი განაახლა აშოტ და აღაშენა აგრეთვე ციხედ... და აღაშენა ციხეს ამას შინა ეკლესია წმიდათ მოციქულთა პეტრესი და პავლესი და შექმნა მას შინა საფლავი თვისი და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად“.
     IX საუკუნიდან არტანუჯი ხდება დიდი ქალაქი - აქვს რაბატი, ანუ გარეუბანი, დაბა ქალაქი. მე-11 საუკუნეში ბიზანტია-საქართველოს ომში ციხე დიდ როლს თამაშობს და ანტიბიზანტიური კოალიციის ცენტრი ხდება. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში არტანუჯს თურქ-სელჩუკები აოხრებენ. მე-12 საუკუნეში არტანუჯი კვლავ მოღონიერდა, შემდეგ მონღოლთა ბატონობასაც გაუძლო. მე-16 საუკუნეში არტანუჯი ისევ თურქთა ხელშია. 1552 წელს, ისქანდერ-ფაშამ დაიპყრო ციხე და სულთნის ტახტს დაუქვემდებარა. შეიქმნა გურჯისტანის ვილაიეთი და არტანუჯი ამ პროვინციის შემადგენლობაში შევიდა.
მე-18 საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „არს არტანუჯი ქალაქი მცირე და ციხე მაგარი“.
    1878 წელს, სან-სტეფანის ზავით, რუსეთმა შეიერთა ოსმალეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მათ შორის ტაო-კლარჯეთი.
    1918-21 წლებში, ტაო-კლარჯეთი საქართველოს საზღვრებში რჩებოდა. 1921 წელს, საბჭოთა ანექსიის შემდეგ, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე, სსრკ-მ თურქეთს გადასცა ყოფილი ბათუმის ოლქის სამხრეთ ნაწილი ართვინისა და არდაგანის ოლქები. არტანუჯი თურქეთში მოექცა.
     არტანუჯი ახლა ართვინის ოლქს ექვემდებარება, აერთიანებს 50 სოფელს, 50 ათასამდე მოსახლით. დაბა არტანუჯში 6 ათასამდე კაცი ცხოვრობს.
    „არტანუჯი და ართვინი განლაგებულნი არიან ისეთ ციცაბო ფერდობებზე, რომ გიკვირს, ნუთუ ასეთ ადგილას შეიძლებოდა ქალაქების განვითარება“, - წერდა 1879 წელს დიმიტრი ბაქრაძე, რომელმაც არტანუჯის ციხე მოინახულა.
    არტანუჯის ციხე მართლაც ისეთ ადგილასაა, მისი მფლობელი მიმდებარე გზებსა და ხეობებს იოლად გააკონტროლებდა. ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ ციხეზე ახვალთ. ციხე უძირო ხეობებს გადაჰყურებს.
 

ბახტრიონის ციხე–სიმაგრე (კახეთი)

    დღეს უკვე ამ განთქმული ციხისგან ისეთი უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი, რომ მისი თავდაპირველი სახის აღდგენა მხოლოდ გათხრების შედეგად შეიძლება მოხდეს. არსებული ნაშთის მიხედვით ციხის წარსულ დიდებაზე საუბარი შეუძლებელია.
   ბახტრიონის ციხე მდებარეობს მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე, მდინარეების ალაზნისა და ილტოს შესართავის მახლობლად. რელიეფი აქ რთული არაა. ქანობები უმნიშვნელოა. ციხე XVII საუკუნეში ირანის შაჰის, აბას II-ის ბრძანებით იყო აგებული.
    შესაძლოა, ციხეს სამკუთხა მოხაზულობა ჰქონდა. თუ კოშკების ნანგრევთა მიხედვით ვიმსჯელებთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი გალავანზე ნახევარცილინდრული ფორმით ყოფილან გარედან მიდგმული.
  აღმოსავლეთით მდგარი კოშკიდან ნაწილობრივ ორი სართულია გადარჩენილი. პირველ სართულს ჩრდილოეთით კარი ჰქონია, აღმოსავლეთით ნიშები და შუაში - ბუხარი. გვერდებზე თითო-თითო სათოფურიცაა. მეორე სართულზე შუაში ისევ ბუხარია და კედლებში - სათოფურები. კოშკი მთლიანად მხოლოდ რიყის ქვითაა ნაგები.
  ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე სხვა ნაგებობის კვალიც ჩანს. აღმოსავლეთის მონაკვეთში დგას მთლიანად რიყის ქვით ნაგები მცირე ზომის უაფსიდო ეკლესია. შესასვლელი მას სამხრეთიდან აქვს, სარკმლები კი აღმოსავლეთითა და დასავლეთითაა. დარბაზი ერთიანი ცილინდრული კამარითაა გადახურული. ტრაპეზი მარცხენა კუთხეშია მიშენებული. ზოგადი ნიშნებით ეკლესია გვიან საუკუნეებს მიეკუთვნება.
     ბახტრიონის ციხესთანაა დაკავშირებული 1659 წლის ცნობილი აჯანყება.
რაკი შაჰ-აბასმა კახეთის ამოგდება ძალით ვერ შესძლო, მისმა მემკვიდრეებმა პოლიტიკა შეცვალეს და გადაწყვიტეს ადგილობრივი მოსახლეობის აყრა და აქ თურქმანთა მომთაბარე ტომების ჩამოსახლება. ალაზნის ველზე თურქმანთა პირველი შესამჩნევი ტალღა გამოჩნდა XVII საუკუნის შუახანებისათვის. სპარსელებმა დაიკავეს კახეთის სიმაგრეთა დიდი ნაწილი, მათ შორის ბახტრიოხიც. ამის შესახებ ვახუშტისთან ვკითხულობთ: „სალიმ-ხან მოიყვანა ელნი და დასხნა შიგნით და გარეთ კახეთს და დაიპყრეს ამათ ბახტრიანი, ალავერდი და განრყუნეს წმიდანი ეკლესიანი“.
    ქვეყანა უდიდესი ეროვნული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გადაწყდა აჯანყების მოწყობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ზაალ არაგვის ერისთავი. კახელ აჯანყებულთ ხელმძღვანელობდა ბიძინა ჩოლოყაშვილი. მათ გვერდში ამოუდგნენ ქსნის ერისთავები - შალვა და ელიზბარი. მთაც დაიძრა მისაშველებლად. აბჯარასხმული „ფშავ-ხევსურ-თუშნი“ რისხვას ჰგავდნენ. შეთქმულნი, ზუსტად შედგენილი გეგმით, 1659 წელს ელვის სისწრაფით თავს დაესხნენ მტერს: „მიუხდეს პირველად ბახტრიანს, მოსრნეს და მოსწვიტნეს თათარნი, მერმე ალავერდს და შემდგომად ყოველსა კახეთსა შინა მოსწყვიტნეს რამეთუ არცაღა-თუ დაუტევეს აკუანთა შინა მწოვარნი და განათავისუფლეს კახეთი“.
    ამ გმირულმა აჯანყებამ კახეთი გადაარჩინა. რა ბედი ეწია ამ ბრძოლის დროს ბახტრიონის ციხეს, დოკუმენტებიდან არ ჩანს. ცხადია, იგი ძლიერ დაზიანდებოდა.
    დღეს არსებული მცირე ნანგრევების მიხედვით, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, შეუძლებელია ამ დიდებული ციხის შესახებ მსჯელობა.

კელასურის კედელი (აფხაზეთი)

    აფხაზეთის დიდი კედელი, კელასურის კედელი, ქართულ საისტორიო მწერლობაში,  ჯუანშერის თხზულებაში, VIII საუკუნის ამბებთან დაკავშირებით ნახსენებია „ზღუდე კელისურისა“, რომელიც ჩრდილოთ კავკასიიდან შავი ზღვისპირეთში მიმავალ გზებს ამაგრებდა, იდგა ჩრდილოეთ კავკასიიდან დასავლეთ საქართველოში მიმავალ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზაზე, რომელიც უშუალოდ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მიუყვებოდა.
    VIII საუკუნის დასასრულიდან, აფხაზთა სამეფოს ჩამოყალიბების შემდეგ, ზღუდემ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და თანდათან დაინგრა. მისმა ნაშთებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.
   შემორჩენილია ლევან II დადიანის მიერ აფხაზი ფეოდალების შემოსევების შესაჩერებლად XVII საუკუნეში აგებული სასიმაგრო ნაგებობათა სისტემა (საერთო სიგრძე 60 კმ). კედელი იწყება მდინარე კელასურის შესართავიდან, მიუყვება მდინარის მარცხენა ნაპირს, შემდეგ უხვევს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ და ფანავის ქედის ძირის სამხრეთი მხრიდან გრძელდება მდინარე ღალიძგის ხეობაში. კელასურის კედელი ერთმანეთთან კოშკებით დაკავშირებული ცალკეული სასიმაგრო ნაგებობებია (კოშკების სისტემა, ზოგჯერ ცალ-ცალკე კოშკები და კედლები). ზღუდით გამაგრებულია მხოლოდ ვიწრო გადმოსასვლელები საკუთრივ აფხაზეთიდან, დალიდან და წებელდიდან. ლევან II დადიანმა საგანგებო ღონისძიებანი გაატარა კელასურის კედლის დასაცავად, მაგ., ყოველი ფეოდალი (სასულიერო ან საერო) ვალდებული იყო წელიწადში 1 თვე თავისი მხედრებით ემორიგევა. ლევან II დადიანის სიკვდილის შემდეგ კელასურის კედელი მიატოვეს. როცა აფხაზმა ფეოდალებმა ძალაუფლება მდინარე ენგურამდე გაავრცელეს, კელასურის კედელმა თავისი ფუნქცია დაკარგა.

აბაათა (აფხაზეთი)

  აბაათას ციხის სამეკლესიანი ბაზილიკა აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი VI საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ბაზილიკა გეგმაში რთულია. შუა ნავი საგრძნობლად განიერია. საკურთხევლის ღრმა აფსიდი ფასადზე ხუთწახნაგა შვერილის სახით გამოიყოფა, რომელშიც სამი სარკმელია გაჭრილი. გვერდითი ნავების ასევე ნახევარწრიული აფსიდები ფასადზე სწორი სიბრტყით აღინიშნება, თითოეულ მათგანზე თითო სარკმლის ღიობით. ნავები ერთმანეთს კარებებით უკავშირდებიან, რომლებიც გამჭოლად ნაწილდებიან სამივე ეკლესიის განივი ღერძის მთელ არეზე. ეკლესიას დასავლეთიდან ნართექსი აქვს მიდგმული, ერთადერთი საპარადო შესასვლელით. აქედან, სამივე ნავს დასავლეთის მხრიდან დამოუკიდებელი კარებები აქვს. აფხაზეთში ასეთი ტიპის - სამეკლესიანი ბაზილიკის შვერილით გამოხატული საკურთხევლის აფსიდიანი ნაგებობა ერთადერთ მაგალითს შეადგენს.